სადოქტორო პროგრამა კულტურის მეცნიერებებში

მისანიჭებელი ხარისხი: კულტურის კვლევათა დოქტორი
ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ნინო ჩიქოვანი

პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება

კულტურის მეცნიერებები/კულტურის კვლევები (Cultural Studies) ახალი და სწრაფად განვითარებადი სამეცნიერო მიმართულებაა. მისი მიზანია კულტურის გაგება მთელი თავისი სირთულითა და მრავალფეროვნებით, აგრეთვე იმ სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის ანალიზი, რომელშიც კულტურა ფუნქციობს.

კულტურის მეცნიერებები მრავალი მეთოდოლოგიისა და თეორიის გადაკვეთაზე ჩამოყალიბდა როგორც ინტერდისციპლინური დარგი. მას არ გააჩნია მარტივი, ერთიანი წარმომავლობა, არამედ მრავალი დისკურსი და მრავალი ისტორია აქვს. სპეციალურ ლიტერატურში საგანგებოდ აღინიშნება, რომ კროსკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები კულტურის მეცნიერებათა განვითარების ერთადერთ პერსპექტივაა. კულტურის კვლევები ინტერდისციპლინურ საფუძველზე აღმოცენდა და მისი განვითარება სხვაგვარად, თუ არა ინტერდისციპლინურ ჭრილში, წარმოუდგენელია.

დღეს, როცა კულტურის ფენომენისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება და მას საგანგებო ადგილი ეთმობა მსოფლიოს მომავალი განვითარების ყველა მეტ-ნაკლებად საყურადღებო ვერსიაში, ფრიად მნიშვნელოვანია კულტურის კვლევათა სპეციალისტების მომზადება საუნივერსიტეტო სივრცეში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის მეცნიერებათა სწავლება უნდა შეესაბამებოდეს და ემყარებოდეს დასავლეთის უნივერსიტეტებში არსებულ გამოცდილებას. ამავე დროს, საჭიროა გამოიკვეთოს პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებშიც სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეძლებს წამყვანი პოზიციის დაკავებას რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით.

საქართველოს კანონით "უმაღლესი განათლების შესახებ", დოქტორანტურა არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პროფესიული მომზადების დამამთავრებელი საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომლის მიზანია სამეცნიერო კადრების მომზადება.

წარმოდგენილი პროგრამა მიზნად ისახავს კულტურის ფენომენის კვლევის საკვანძო მომენტების გამოკვეთასა და სპეციალისტების მომზადებას ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისათვის განსაკუთრებით აქტუალური საკითხების მეცნიერული კვლევისათვის; დარგში მიღებული ცოდნის გაღრმავებას; ძირითადი მეცნიერული უნარების განვითარებას; კვლევისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების შესწავლას. კურსდამთავრებულს უნდა შესწევდეს უნარი, კრიტიკულად გააანალიზოს დაგროვილი ცოდნა, შემოქმედებითად განავითაროს იგი და პასუხისმგებლობით მოეკიდოს სამეცნიერო ინფორმაციის ტრანსფორმაციასა და გავრცელებას პუბლიკაციების, სწავლებისა და პრაქტიკაში დანერგვის გზით.

დოქტორანტურის სწავლის შედეგი და კომპეტენცია მოკლედ შემდეგნაირად შეიძლება განისაზღვროს: დოქტორს ისტორიაში (კულტურის მეცნიერებები) უნდა შეეძლოს: კვლევის შედეგად ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შექმნა; დაგროვილი ცოდნის შემოქმედებითი განვითარება; კულტურის მეცნიერებათა ისტორიისა და ძირითადი მიმართულებების გაგება; ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნირებათა სივრცეში კულტურის მეცნიერებათა ადგილის განსაზღვრა; თანამშრომლობა სხვა დარგების წარმომადგენლებთან ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების პროცესში; ცოდნის ეფექტური და გასაგები ფორმით გადმოცემა; ესმოდეს მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები. სადოქტორო პროგრამით მომზადებულ სპეციალისტს უნდა შეეძლოს როგორც სასწავლო, ასევე კვლევითი პროცესის დაგეგმვა და განხორციელება.

ცოდნა და გაცნობიერება

ფართო და მრავალფეროვანი თეორიული მიდგომების შესწავლის, საუნივერსიტეტო კურსებისა და სპეციალური სასწავლო კურსის შესწავლის საფუძველზე, დოქტორანტი ეუფლება მეცნიერული კვლევის თანამედროვე მეთოდებს, კულტურის ფენომენის მეცნიერული ანალიზის ხერხებსა და მეთოდებს, იღრმავებს წარმოდგენას კულტურის კვლევის ინტერდისციპლინურ ხასიათზე, ეცნობა ძირითად პრობლემებს და განვითარების ტენდენციებს კულტურის მეცნიერებებში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კულტურული ფაქტებისა და მოვლენების გააზრებას შესაბამის სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში. ამ ცოდნას იგი იყენებს სადოქტორო ნაშრომზე მუშაობის პროცესში. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში ჩართვა დოქტორანტს აძლევს, ერთი მხრივ, ცოდნის გაღრმავების, მეორე მხრივ კი სასწავლო საქმიანობისათვის მომზადების საშუალებას.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

ემპირიული მასალის ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი, საკვლევი საკითხის მკაფიო იდენტიფიცირება, კვლევის მეთოდისა და თეორიული ჩარჩოს ადეკვატური განსაზღვრა და დასაბუთება, მასალის მოძიება, კრიტიკული ანალიზი, სისტემატიზაცია, ემპირიული და თეორიული მასალის შეჯერება, კვლევის შედეგების პრეზენტაცია ზეპირი და წერილობითი ფორმით.

დასკვნის უნარი

მრავალი სხვადასხვა პერსპექტივით საკითხების განხილვა, თითოეული მიდგომის საფუძვლიანი კრიტიკული ანალიზი და შეფასება, რაც ხელს უწყობს კვლევის მეთოდოლოგიის სწორ და დასაბუთებულ შერჩევას, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას.

კომუნიკაციის უნარი

ცოდნის გამდიდრება და სააუდიტორიო მუშაობის პრაქტიკა სტუდენტს უყალიბებს საკუთარი ცოდნისა და გაწეული მუშაობის შედეგების დასაბუთებული წარმოჩენის, სამეცნიერო დისკუსიაში მონაწილეობისა და მისი წარმართვის უნარს.

სწავლის უნარი

კულტურის კვლევათა სფეროში გამოქვეყნებული უახლესი ლიტერატურის ათვისების, კვლევისა და საქმიანობის პროცესში მისი მუდმივი გამოყენებისათვის მზაობა.
ღირებულებები – ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება?

დასაქმების სფეროები

დოქტორის ხარისხის მქონეს შესაძლებლობა ექნება, იმუშაოს სასწავლო და კვლევით დაწესებულებებში სპეციალობის მიხედვით. როგორც ექსპერტი, იგი შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურებში. მისი კომპეტენციის სფერო მოიცავს კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას, მედიაპოლიტიკას კულტურის სფეროში, რეგიონული კონფლიქტების კულტურული საფუძვლებისა და მათი მოგვარების გზების ანალიზს, კულტურათა ურთიერთობის გამოცდილების გათვალისწინებას პოლიეთნიკურ, მრავალკონფესიურ და მრავალკულტურულ საზოგადოებაში.

სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობები

მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში. ევროპული ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) კარგი ცოდნა (ფაკულტეტის მიერ განსაზღვრული დონის შესაბამისად).

სასწავლო კომპონენტი

უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის „შედარებითი ისტორიის“ პროექტის ფარგლებში, შემუშავებულია სპეციფიკური დარგობრივი კურსი, რომლის სილაბუსი და თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტი თან ერთვის.

სასწავლო კრედიტების განაწილება

სწავლების თანამედროვე მეთოდები (სავალდ.) – 5 კრედიტი
მეცნიერების მენეჯმენტი (სავალდ.) – 5 კრედიტი
სპეციფიკური დარგობრივი კურსი - 10 კრედიტი
პროფესორის ასისტენტობა - 10 კრედიტი
დოქტორანტის I კოლოკვიუმი - 5 კრედიტი
დოქტორანტის II კოლოკვიუმი - 5 კრედიტი
ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება კვლევა/სწავლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა (არჩევითი) – 5 კრედიტი
საუნივერსიტეტო კურიკულუმის შექმნის პრინციპები - 5 კრედიტი

სულ, არჩევით საგნებში დოქტორანტმა უნდა დააგროვოს 20 კრედიტი. გარდა ზემოთ დასახელებული არჩევითი საუნივერსიტეტო დისციპლინისა, მას შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი კურსი ჩვენი ან სხვა უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებიდან. შესაბამისად, დოქტორანტის სასწავლო კრედიტების ჯამი შეადგენს 60.

სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

სტუდენტთა განკარგულებაშია დარგობრივი ბიბლიოთეკა (რომელიც, რა თქმა უნდა, მოითხოვს მუდმივ შევსებასა და განახლებას), კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც ეკუთვნის ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრას.

ადამიანური და მატერიალური რესურსებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 5-6 დოქტორანტის მიღება.

პროგრამის მონაწილე აკადემიური პერსონალი:

  • ნინო ჩიქოვანი, სრული პროფესორი, პროგრამის ხელმძღვანელი
  • ქეთევან კაკიტელაშვილი, ასოცირებული პროფესორი
  • ივანე წერეთელი, ასოცირებული პროფესორი
  • მაია ქვრივიშვილი, ასისტენტ პროფესორი

დოქტორანტები

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 250
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2014 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი